ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება 2018 წელს დაწყებულ გამოძიებას კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.
თემურ ალასანია უარყოფს ჩანაწერების ავთენტურობას და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციებს. მისი თქმით, იგი საქართველოში ოჯახის გამო ჩამოვიდა და სხვა საზოგადოებრივი ინტერესები არ აქვს.
„ჯერ არ ვიცი, რა შეკითხვები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე, მოვიდე ამ დაკითხვაზე. პირველი – უნდა გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. მეორე – ვესაუბრე ამერიკის კონსულს, ველაპარაკე პოლიტიკურ მრჩეველს და ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ. არც ერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე არ ჩავატარებ ექსპერტიზას, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ, ამერიკის მოქალაქე ვარ. არანაირი მოთხოვნა გამოძიებაზე არ შემიტანია. თუ დაირღვა ჩემი უფლებები, მე უნდა მოვითხოვო დაცვა, მოვითხოვო იქ, სადაც ვცხოვრობ. ეს არის პოლიტიკური იარაღი, უხეში მცდელობა, რომ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით და მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით, ყურადღება გადაიტანონ ამაზე“ – განაცხადა თემურ ალასანიამ.