„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. – აღნიშნულ ინფორმაციას გერლიანის ახლობლებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მათი ცნობით, რამაზ გერლიანის ავტომობილი ავჭალაში პოლიციის შენობასთან იპოვეს. ავტომობილი იყო ღია, ხოლო გერლიანის ნივთები და ავტომობილის გასაღები იყო მანქანაში.
აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გუშინ დილით “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებდა:
„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!
როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს…
დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ.
დისკრედიტაცია გინდოდათ – ფსკერზე ვარ.
ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ – ვერ მიიღებთ.
კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, – დაწერა რამაზ გერლიანმა “ფეისბუქზე”
ეკონომიკის ექსპერტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.