“დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას.”- პარტიის თავჯდომარე ნიკა მელიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე მასობრივი შიმშილობის დაწყება დააანონსა.
მელიას განცხადებით, მასობრივი შიმშილობის პროტესტით ფორმას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მიმართავენ. პარტიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ ფორმით ისინი მსოფლიოს ყურადღებას მიიქცევენ.
“არ არის ამ რეჟიმის მოსვენების დრო და ფუფუნება. არ არის! მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მხოლოდ ახალი წლის ტკბობით ამ უმძიმესი დროის გატარება, მე ვფიქრობ, არის მიუღებელი. მე მეგობრებთან ერთად და ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით იმაზე მეტი ვიდრე მავანს წარმოუდგენია, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის, ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ, მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას! ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მე შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გაცემისას და ვერავის ვერ დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი. მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაციის პროცესი, შედეგი იქნება უფრო პოზიტიური. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას.
ახალი საპროტესტო ტალღის ლოკაციად “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზო იქნა არჩეული. ამ დროისთვის ტერიტორიაზე უკვე ორი კარავი არის განლაგებული.
ამ დროისთვის ოფისში პარტიის წევრები, წარმომადგენლები იკრიბებიან. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვინ შეუერთდება მასობრივ შიმშილობას.