სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის შესახებ გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალმა მიიღო, რასაც ექსპრეზიდენტი არ დაემორჩილა და ის ჯერჯერობით ჰოსპიტალში რჩება.
„27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე”- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 28 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გასულ ღამით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ძალით სცადეს, რასაც არ დაემორჩილა, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.