ბრეგაძის თქმით,რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მას ისევ გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ

by მარიამ მებონია
0 comment

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მას ისევ გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

“თუ შესაძლებელია რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, არსებობს გლდანის #18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე პატიმრები. მასაც გადაიყვანენ ამ დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში. მას მიაწოდეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათ შორის #18 დაწესებულებაში. ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებით ვრცელდება”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, გუშინ ციხეში მის გადაყვანას ძალით ცდილობდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა”, – წერს მიხეილ  სააკაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

You may also like

Leave a Comment