გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყუპ ძმებს შორის დაპირისპირება ფატალური შედეგით დასრულდა. 32 წლის გიორგი კუთარაშვილი მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკა „გორმედში“ კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს.
ძმის მკვლელობაში ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი, მარიამ ინდუაშვილი დაიცავს. მეზობლების ინფორმაციით, ძმებს შორის უთანხმოება ადრე არასდროს ყოფილა და მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეკამათება გახდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს ძმის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მომხდარს საშინლად განიცდის. ამ ეტაპზე კი ის დუმილის უფლებას იყენებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.