ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვეს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის დამფუძნებლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებმა  აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე უარი თქვეს.

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას ითვალისწინებს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულებს განუმარტა აღნიშნული საკითხი და იკითხა, სურდათ თუ არა დაკავებულებს, მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

გასულ სხდომაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა, თუმცა მისი თქმით, დანაშაული მან ჩაიდინა და თანამზრახველი არ ჰყოლია, შესაბამისად წაყენებული ბრალდება, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება, არასწორია.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე კი მკვლელობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს, თუმცა აღიარებს დანაშაულის შეუტყობინებლობას.

15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის დამფუძნებელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პირი, რომელმაც კვარცხელიას ესროლა შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად, ნაქირავები მანქანით მიიმალა. პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი.

პროკურატურამ გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს ბრალი ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარუდგინა.

You may also like

Leave a Comment