“„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მართლა შემოსვლას მივესალმებით” – ამის შესახებ ოპოზიციური პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა .
მისი თქმით, კარგი იქნება ბოიკოტის შეწყვეტა და “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში დაბრუნება, მაგრამ ამის დიდი მოლოდინი არ აქვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მართლა შემოსვლას მივესალმებით, მაგრამ ეს უკვე რამდენჯერ თქვეს, არ მახსოვს და ამ საკითხს ფრთხილად ვეკიდები. 2020 წლის არჩევნებამდე ოპოზიციასთან გეგმა შევათანხმეთ, მათ ამას ხელი მოაწერეს და შემდეგ დაივიწყეს. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება იმიტომ გვინდა, რომ ვუთხრათ, ზუსტად იგივე გვინდა, რაც თავის დროზე გეგმით გვინდოდა, თუ ახლა რას ფიქრობენ. საუბარია მართლმსასჯულების რეფორმაზე, ასევე ეკონომიკაზე, განათლებაზე. როცა ამას ხელი მოვაწერეთ და ამ საკითხებზე საუბარი უნდა დაწყებულიყო, მათ საუბარი საკუთარ ლიდერებზე დაიწყეს და წინასაარჩევნოდ ხალხს მაღალფარდოვანი სიტყვებით ელაპარაკებოდნენ. იმდენი ხანია, პოლიტიკაში ვართ, გვესმის, რა შინაარსი აქვს სიტყვა ნდობას პოლიტიკაში. ჩვენი დამოკიდებულებაა – ენდე, მაგრამ გადაამოწმე“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.