ე.წ. კანონიერი ქურდი, კახა შუშანაშვილი, იგივე „კახა რუსთავსკი“ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის. კრიმინალური ავტორიტეტი სალომე ზურაბიშვილისგან საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს.
ქართულ-სლავური მაფიის ე.წ. გავლენიანი ავტორიტეტი 12 წელია, რაც მარსელის ციხეში იხდის სასჯელს. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ამისთვის მოქალაქეობა სჭირდება.
საქართველოს პრეზიდენტს სხვა ე.წ. კანონიერი ქურდებიც უჩივიან. საუბარია ე.წ. შავი სამყაროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც 2013-18 წლებში ქართულმა მართლმსაჯულებამ გაამართლა, თუმცა ქვეყნის დატოვება მათ მაინც დასჭირდათ.
ცნობისთვის, მოქალაქეობის შეწყვეტა იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე მოხდა, რომლის თანახმადაც კახაბერ შუშანაშვილმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო. ამ ფაქტს უარყოფს შუშანაშვილის ადვოკატი, რომლის მტკიცებით, აღნიშნულ პერიოდში მსჯავრდებული უკვე მარსელის ციხეში იმყოფებოდა.