„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება.”- სახემწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს.
კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.
ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“- ნათქვამია განცხადებაში.