სახალხო დამცველი შრომის ინსპექციას მაღაროებზე მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს სახალხო დამცველი შრომის ინსპექციას მოუწოდებს გამოიძიოს ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გარემოებები და ასევე დაინტერესდეს სხვა შახტებში შრომის უსაფრთხოების ნორმებით, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები.

“სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით. ასევე, მოკვლევა დაიწყო შრომის ინსპექციამაც.

სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. წინა წლებშიც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იქ მომხდარ უბედურ შემთხვევებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და შრომის ინსპექციას, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე, მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შევძლოთ.

ასევე მიმართავს შრომის ინსპექციას – მიმდინარე ინსპექტირების ფარგლებში მოხდეს ყველა დარღვევის და რისკის იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების მიზნით ყველა კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტის გამოყენება” – ნათქვამია ომბუდსმენის გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Comment