მერია ღვიძლის გადანერგვის პროგრამას ისევ 70 000 ლარით დააფინანსებს

by oninfo.ge
0 comment

„მუნიციპალიტეტი „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს.“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ,  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წლიდან დღემდე საქართველოში აღნიშნული ოპერაცია 34 ადამიანს დაუფინანსდა.

„მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც წელსაც დაფინანსდება – ეს არის ღვიძლის გადანერგვის პროგრამა. იცით, რომ თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამას“, თბილისის მთავრობაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა. 2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 34 მოქალაქეს, რაც 34 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. თბილისის მერია ერთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვას თავდაპირველად, 60 ათასი ლარით უფინანსებდა, შემდეგ კი თანხა გავზარდეთ და 2019 წლიდან ერთი ბენეფიციარისთვის 70 ათასი ლარი გამოიყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის ღირებულება 120 000 ლარია, საიდანაც 70 000 ლარს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროგრამაა. პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, არავის არასდროს გქონოდეთ ამის აუცილებლობა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, იცოდეთ, რომ არსებობს ასეთი პროგრამა. ვინც თბილისშია რეგისტრირებული, უნდა დაწეროთ განაცხადი. მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით და ხელს შეგიწყობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“, რომლის ბიუჯეტი 2015 წლის შემდეგ 12-ჯერ გაიზარდა, დღეისთვის, 1 375 ბავშვსა და მოზარდს ემსახურება.

მისივე თქმით, ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად, წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული და ყოველთვიურად, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი ფინანსდება.

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაზე“. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამა ბევრი მიზეზის გამო, რადგან ეხება პატარებს, ბავშვებს. მახსოვს, როცა დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება, 2015 წელს მისი ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო და მომსახურებას 325 ბავშვი იღებდა. ამ ხნის განმავლობაში, მისი ბიუჯეტი თითქმის 12-ჯერ გაიზარდა და დღეისთვის, ის 5 მლნ 868 ათას ლარს შეადგენს. პროგრამაში კი ჩართულია 1 375 ბავშვი და მოზარდი. პირველ ეტაპზე, 325 ბავშვი იღებდა ამ მომსახურებას. 2015 წელს, ამ პროგრამას ორი მიმწოდებელი დაწესებულება ჰყავდა, დღეისთვის კი, მათი რიცხვი შვიდამდეა გაზრდილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

You may also like

Leave a Comment