,,გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი ნატოს დატოვებს”-ლე პენი

by შორენა პირველი
0 comment

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი გამარჯვების შემთხვევაში ფრანგებს ნატო-დან გასვლას ჰპირდება.  ამის შესახებ მან ქალაქ რეიმსში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ისაუბრა.

ლე პენის აზრით, აუცილებელია საფრანგეთის გამოსვლა ნატოს გაერთიანებული სარდლობიდან, რათა ქვეყანა აღარ ჩაითრიონ მისთვის არასაჭირო კონფლიქტებში. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, დაუშვებელია საფრანგეთისა და მისი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების სხვებისთვის დელეგირება.

ლე პენის განცხადებით, საერთაშორისო არენაზე საფრანგეთის ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს და მათ შორის ამისთვის გამოყენებული უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობაც.

წინასაარჩევნო შეხვედრისას მან ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი, რეფორმირებული ალიანსი ერების სუვერენიტეტზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ლე პენი ემხრობა სახელმწიფო საზღვრებზე მუდმივი კონტროლის აღდგენას და საფრანგეთის სასოფლო სამეურნეო სექტორის გამოყვანას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლე პენი ფრანგებს ნატო-დან გასვლას ჰპირდება – იგივე დაპირებები ისმოდა მისგან წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.

2017 წელს, ბერძნულ გამოცემა Dimokratia-სთან საუბარში, ფრანგმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ტრანს-ატლანტიკური ალიანსი თავდაპირველად საბჭოთა კავშირის გაფართოების საფრთხის შესაჩერებლად შეიქმნა, დღეს კი ასეთი საფრთხე აღარ არსებობს და შესაბამისად, აღარ არსებობს ნატოს საჭიროებაც. მისივე თქმით, ნატოს აშშ ევროპაში თავის მიზნების მისაღწევად ხელოვნურად ინარჩუნებს.

საფრანგეთის ნატო-დან გაყვანის გეგმის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთმა კანდიდატმა ერიკ ზემურმაც განაცხადა.

ცნობისათვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება.

You may also like

Leave a Comment