ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში”

by oninfo.ge
0 comment

„საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ეფუძნება.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო – ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით, პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას. ამასთანავე, პარალელურად, ჩვენ მივაღწიეთ ყოველგვარი დანაკარგების, ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად, ჩვენ მოვახერხეთ, ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის, რუსეთთანაც მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ეროვნული ინტერესების გამომდინარე იხელმძღვანელებს.

„საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი – როგორც პრემიერ-მინისტრი, მე არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

You may also like

Leave a Comment