აქ პერსონალური ანგარიშსწორებისთვის მოსული არავინაა – ამის შესახებ „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა და საზოგადოებას მიხეილ ყაველაშვილის უცენზურო გამონათქვამის გამო ბოდიშიც მოუხადა. მან პრემიერმინისტრის მიმართ აგორებული უბინძურესი კამპანიის ფაქტიც დაადასტურა, თუმცა ამის მიზეზად თავად პრემიერმინისტრი დაასახელა.
„ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ უმრავლესობის ლიდერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაიწყებდა თავის გამოსვლას. ვერ ვკარგავ ხოლმე ამ იმედებს და არც დავკარგავ არასოდეს ცხოვრებაში. მე ვიტყვი იმას, რაც მათ უნდა ეთქვათ თითოეული მოქალაქისთვის, ყოველი დედისთვის, ბავშვისთვის – იმაზე ბოდიში, რაც მათ მოისმინეს აქ, დარბაზში. მე ვიხდი ჩემი კოლეგა ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს ყველას მიმართ, ვინც შეურაცხყოფილია ადამიანურად, ინსტიტუციურად, ვისაც ამისი ვალი გქონდათ და ამის ნაცვლად აგრძელებთ და პრაქტიკულად უერთდებით ამ ყველაფერს. რაც უფრო უხეში, უწმაწური სიტყვები იქნება ნახსენები, რაც უფრო მეტად გვიწოდებს ვინმე „არსებას“, „მარაზმატიკს“, ტაში უფრო მეტად მქუხარე იქნება. ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ აქ ჩვენ არ ვართ ახლა პერსონალური ანგარიშსწორებისთვის მოსული, არც ბატონი თავმჯდომარის ოთახში ვიყავით შესული რამე პერსონალურ-ვიწროპოლიტიკურისთვის, როდესაც საგანგებო სხდომის თაობაზე შეთანხმებული ტექსტით, შეთანხმებული სცენარით, შეთანხმებული დროშებით, შეთანხმებული დროით ერთიანობის დემონსტრირების ჩვენებისთვის გვინდოდა ამის გაკეთება. ამის ნაცვლად მივიღეთ ჩაკეტილი კარი. დიახ, მე ვადასტურებ იმ უბინძურეს კამპანიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ვადასტურებ იმასაც, რომ ამის მწარმოებელი მთავარი პირი პრემიერ-მინისტრია, რადგან მისი ყოველი გამოსვლაა ეს კამპანია. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ვისაც ამის მოსმენა სიამოვნებს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.