“ომის დაწყებიდან პირველად ჩვენი ძალები შეტევაზე გადავიდნენ და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ბოლო შეტევა და კონტრშეტევა” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლმა ალექსეი არისტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ დონბასში, კერძოდ კი დონეცკის ოლქში- ოკუპირებული გორლოვკას გარეუბანში. არისტოვიჩის თქმითვე, მალე დადგება დრო, როდესაც უკრაინა არა მხოლოდ დაიცავს, არამედ გაათავისუფლებს საკუთარ ქვეყანას.
„ჩვენი ქვედანაყოფების უმეტესობა თავის პოზიციებს იკავებს, ჩვენი ერთ-ერთი ბრიგადა კი გორლოვკასთან დაწინაურდა. ახლა ისინი იქ მაგრდებიან და ალბათ, განავითარებენ შეტევას, რაც არ შეიძლება არ იყოს კარგი ახალი ამბავი, რადგან პირველად ომის მე-7 დღეს ჩვენი ქვედანაყოფები შეტევაზე გადავიდნენ და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ბოლო შეტევა და კონტრშეტევა და დადგება დრო, მალე დადგება, როცა ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და არა მხოლოდ დავიცავთ მას“ – განაცხადა არისტოვიჩმა.