ოკუპანტების თავდასხმას ჯამში 38 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – უკრაინის სახალხო დამცველი

by oninfo.ge
0 comment

6 მარტის მდგომარეობით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, დაიღუპა – 38 ბავშვი,  ხოლო დაშავდა – 71 . ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ ტელეგრამში დაწერა. მისივე ინფორმაციით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მარიუპოლსა და ირპენში  ჯერჯერობით შეუძლებელია.

სახალხო დამცველმა რუსეთის მხრიდან რამდენიმე ბარბაროსული თავდასხმაც გაიხსენა, რომელთაც ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა:

  • 24 საათის განმავლობაში მარიუპოლში ექვსი თვის ბავშვი დაიღუპა
  • ქალაქ ბუჩაში ორი მძიმედ დაჭრილი ბავშვის სიცოხლის გადარჩენა სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.
  • ქალაქ ირპენის გასასვლელში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ევაკუირებას ცდილობდნენ. შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი დაიღუპა, ხოლო ერთი  მძიმედაა დაჭრილი.
  • ბავშვი, რომელიც ხარკოვში 40 დღის წინ დაიბადა, პნევმონიისგან გარდაიცვალა. ჩვილი თავშესაფარში მრავალდღიანი ყოფნის შედეგად დაავადდა.
  • საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქ ბელაია ცერკოვში 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომელშიც ხანშიშესული ადამიანები და ბავშვები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
  • გოსტომელ-ბუჩა-ირპენის მიმართულებით თავშესაფრებში 70-მდე ბავშვი იმყოფება, არიან დაჭრილებიც. ექიმებს და მოხალისეებს აგრესორები ბავშვებთან არ უშვებენ.

“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას, უხეშად არღვევენ მათ  სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. მოვუწოდებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს,  მიიღონ ყველანაირი შესაძლო ზომები რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გასაძლიერებლად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, – წერს ომბუდსმენი.

You may also like

Leave a Comment