უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ ერის გენოციდად აღიარა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ გადაწვეტილებას 365-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უმაღლესი რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის ქმედება შეაფასოს გენოციდად და დაგმოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც რუსმა ტერორისტებმა უკრაინაში ჩაიდინეს.
რუსი ოკუპანტების ქმედებებს გენოციდი უწოდა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ.
განსხვავებული პოზოცია ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც თქვა, რომ ტერმინთან ფრთხილად იქნებოდა.
“გენოციდის ხსენებასთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ერი [ უკრაინელი და რუსი] მოძმე ერია”. – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტს უკრაინის ხელისუფლებიდან უპასუხეს და აღნიშნეს, რომ მოძმე ერი არ ხოცავს ადამიანებს, არ აუპატიურებს ქალებსა და ბავშვებს და არ უნგრევთ მათ სახლებს.