„ეყო თავხედობა – პუტინმა უკრაინელებს გამარჯვების დღე მიულოცა“ – ამ სათაურით საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის მიერ კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მილოცვის ტექსტს ეხმაურება. აღნიშნულ წერილში პუტინი „ნაციზმის აღორძინების დაუშვებლობაზე“ საუბრობს.
„დღეს ჩვენი ვალია – არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას ამდენი ტანჯვა მოუტანა“ – ამბობს ცინიკურ მიმართვაში კრემლის ხელმძღვანელი, რომელიც აწარმოებს აქტიურ სისხლიან ომს უკრაინის წინააღმდეგ“, -აღნიშნულია „უნიანის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.
წერილში პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს უკრაინასთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელარუსს, უზბეკეთს, ოკუპირებული აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკებს“ ულოცავს და და აღნიშნავს, რომ დაუშებელია მათი იდეური მემკვიდრეების რევანშის დაშვება, ვინც ამ ომში დამარცხდა. ამავე ტექსტში პუტინი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს ნაცისტებისგან გათავისუფლებისთვის აუცილებელ ნაბიჯებად აფასებს.
ცნობისთვის, რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 25 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 400 ოკუპანტია ლიკვიდირებული.