უნგრეთში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ჯუდოკამ ფინალური ორთაბრძოლა ბელგიელ მატიას კასესთან დათმო.
დრამატული ორთაბრძოლა ,,ოქროს დროში” ბენელუქსელმა სპორტსმენმა იპონით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენი ფინალამდე ისე მივიდა, რომ ერთი გდებაც კი არ ჰქონდა გაშვებული.
ამ დროისთვის ქართველთა ყულაბაში ორი მედალია.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა და პირველი ქართველი ჯუდოკა გახდა, რომლის კოლექციაშიც სამი უდიდესი ტურნირის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ოქროს მედალია.
დღეს, -63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრანგმა კლარის აგბენენუმ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა.
აგბენენუმ პლანეტის პირველობაზე მიჯრით მე-4 ოქროს მედალი სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან ბრძოლაში
გამარჯვების შემდეგ აიღო.
28 წლის ტიტულოვანმა ჯუდოკამ ბალკანელ მოწინააღმდეგეს შეხვედრის დასრულებამდე 28 წამით ადრე იპონით სძლია.
-81 კგ
1. მატიას კასე (ბელგია)
2. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
3. ანრი ეგუტიძე (პორტუგალია)
3. ფრენკ დე ვიტი (ნიდერლანდები)
-63 კგ
1. კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)
2. ანდრეია ლესკი (სლოვენია)
3. სანე ვერმეერი (ნიდერლანდები)
3. ანია ობრადოვიჩი (სერბეთი)
ხვალ, მსოფლიოს პირველობაზე მედლები გოგონებში -70 კილოგრამში, ხოლო ვაჟებში -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება.
ქართველებიდან ტატამიზე ბექა ღვინიაშვილი და მარიამ ჭანტურია გამოვლენ.