„რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ – კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა.” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა უზარმაზარი თხრილის წინ დგას და გადასაჩეხად მტერიც კი აღარ გვჭირდება, რადგან ერთმანეთისვის ხელის კვრას თვითონაც კარგად ვახერხებთ.
“უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლე მჭვრეტელი ხედვა და სამაგიეროდ გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები – მთელი ძალისხმევა ჩემი ამ დღეებში და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ გზები მოვნახოთ, მოვახერხოთ ის, რომ მოსმენით და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა. ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა ისე, როგორც ზოგი ავრცელებს, რომ ეს ვითომ კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის, არა. არა, იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო, არა. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ არასოდეს, მომავალ წელს და შემდეგ წლებს აღარ ვთქვათ, „რით გაგახაროთ?“.
გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და მე ვარ იმედიანად იმიტომ, რომ ამ დღეებში ერთი ნაბიჯით მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.