„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. მან კანცელარიის შენობას კეტჩუპი შეასხა და ბრინჯი შეაყარა. აღნიშნულით ხოშტარიამ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გააპროტესტა.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, მთავრობაში „არალეგიტიმურად მჯდომი“ ხალხი და ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმისთვის, რომ საქათველო, პრაქტიკულად, „სანქციების ხვრელი“ გახდეს.
„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველა, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ვზრუნავდეთ, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა, რადგან ეს არის ბოროტების საყრდენი, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას და თურმე საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. აი, ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ სახელმწიფოს „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები, რაც არის პირდაპირ ღიად რუსულ სამყაროში ყოფნა. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინელები იბრძვიან და ხვალ უკრაინა იქნება ყველაზე აყვავებული ადგილი, სადაც მთელი მსოფლიოს რესურსები იქნება მობილიზებული და სადაც, არის ჩვენი პერსპექტივაც. მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ დაკავებამდე გამართულ ბრიფინგზე.
არსებული ინფორმაციით დაკავებულია „დროას“ კიდევ რამდენიმე წევრი.
„კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი რუსეთთან რძის პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდა. შეხვედრის დეტალები რუსულმა მედიამ გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტრომ ქართულ კომპანიებს რუსეთში რძის პროდუქტების შეტანის უფლება მისცა.
გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ სურსათის ეროვნულა სააგენტომ განცხადება გაავრცელა.
„ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.
ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.
ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული.“ – აღნიშნულია განცხადებაში.
1 comment
[…] 38 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა –… „კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი დ… მიხეილ ხიდურელი – მთავრობის მიერ […]