“თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში ან მართლა ვიღაცის დავალებას არ ასრულებ, ეგ კადრები რატომ უნდა დადო, არ მესმის” – ამ კომენტარით “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის ჰოსპიტალში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს ძალის გამოყენებით გადაადგილებენ.
ჯაფარიძის თქმით, კადრები ადასტურებს, რომ სააკაშვილი მოატყუეს და ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
“გამოჩნდა, რომ ტყუილია, როცა იძახდნენ, რომ საკუთარი ნებით გადავიდაო და გამოჩნდა როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს. საგიჟეთია.. რატომ აკეთებენ ამას, ერთადერთი ახსნა მაქვს – ამ ადამიანს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი, ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან გამწარდებიან ამ კადრებით. თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში ან მართლა ვიღაცის დავალებას არ ასრულებ, ეგ კადრები რატომ უნდა დადო, არ მესმის” – განაცხადა ჯაფარიძე.