“ჩემი შიმშილობა ხდება რუსებისა და ხელისუფლების მიერ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი” – სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემ, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში აღნიშული, რომელიც მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

​მისი თქმით, ქვეყანაში არეულობა აწყობს ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც “საზღვარზე წესრიგის” მოტივით შემოიყვანს თავის ჯარს საქართველო არაოკუპირებულ ტერიტორიაზეც.

​”მივმართავ ყველა ქართველს.

ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია – ვლადიმირ პუტინი.

დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ – ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები.

თუმცა, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს – მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია, მათ მიერ “საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების” საფარქვეშ.

შესაბამისად, მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლულ პატრიოტს და ამ თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელს, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას.

ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემ, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა.

ამ შემთხვევაში, შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა:

შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი.

ამას გარდა, წარმოუდგენელია, მე ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ვისი ძალადობის კადრებიც დღეს იხილეთ.

ასევე, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა.

ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგან რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია.

შესაბამისად, ვითხოვ, ექიმების კონსილიუმის მიერ იქნას მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ დაწესებულებაში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს.

კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით

მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რასაც მე დავემორჩილები უპირობოდ და ასევე უნდა დაემორჩილოს ხელისუფლება.

ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებულ იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ მულტიპროფილურ დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ”. – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

You may also like

Leave a Comment